Showing posts with label სექსუალობა. Show all posts
Showing posts with label სექსუალობა. Show all posts

Saturday, May 18, 2013

ცოფი


სათქმელი ბევრი არც არაფერია, გარდა იმისა, რაც გუშინ უკვე მრავალმა მეგობარმა და თანამოაზრემ დააფიქსირა.

გუშინდელი მომხდარი, ისევე, როგორც ქართველი მუსლიმების მიმართ შეუწყნარებლობის ბოლოდროინდელი ფაქტები, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პრობლემა “უბრალოდ“ სექსუალური ორიენტაციის თუ სარწმუნოების კუთხით ადამიანების სიძულვილი არ არის. ალბათ სწორედ ამის მიხვედრაა იმის მიზეზი, რომ გუშინდელი ძალადობის მერე ბევრად უფრო მეტმა ადამიანმა გამოუცხადა სოლიდარობა ლგბტ-აქტივისტებს, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში მოხდებოდა. 

საქმე გვაქვს, როგორც უკვე ითქვა, ძალიან მარტივ ფაშისტურ ლოგიკასთან, რომელიც ხვალ ან ზეგ იგივე წარმატებით დაერევა, მაგალითად, მაჯაზე საათის მატარებელ ან ჯინსებში ჩაცმულ ადამიანებს იმიტომ, რომ ფაშისტური ძალისთვის ერთადერთი რამაა მთავარი: მას ჰაერივით ესაჭიროება რომელიმე ჯგუფის მტრად ან კეთროვნად იდენტიფიცირება, რათა შემდეგ მის დევნასა და განადგურებას მიჰყოს ხელი და ამ გზით ჩამოიყალიბოს საკუთარი იდენტობა, რომელიც საბოლოო ჯამში მთლიანად მტრის ხატის შექმნასა და მასთან ბრძოლაზეა დამოკიდებული.  

მაჯაზე საათის მატარებელი ან ჯინსებში ჩაცმული ადამიანების მაგალითი არ არის უბრალოდ გადაჭარბება. გუშინდელი მოვლენების ამსახველი ერთერთი კადრი ყველანაირ ახსნაზე და არგუმენტაციაზე უფრო მეტყველია: “პიდარასტების ძებნაში“ გავეშებულ ბრბოს მისივე წვერ-ულვაშიანი წევრი “პიდარასტში“ აერია და მის ჩაქოლვას შეუდგა. მართალია დასისხლიანებული მამაკაცი გაიძახდა, რომ თვითონაც “პიდარასტებს“ ეძებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც პოლიციის მიერ გასარიდებელი შეიქნა. იგი იმავე ცოფიანი სიბრმავის მსხვერპლი აღმოჩნდა, რომლითაც სხვა ადამიანების ფიზიონომიებში ცდილობდა სრულიად ბუნდოვანი (ამ შემთხვევაში, ვიზუალური) კრიტერიუმებით მტრული სამიზნეების ამოცნობას. 

“საქართველოს დასნეულებულ სხეულზე“ საუბრისა არ იყოს, ახლაც მხოლოდ იმის გამეორება შემიძლია, რომ ქართული იდენტობის უმწიკვლო, უხარვეზო, ყოველგვარი განსხვავებისგან დაცლილი “სხეულის“ აგრესიული ძიების გზაზე მისი შემბღალველი “ბაქტერიების“ იდენტიფიკაციის და აღმოფხვრის პროცესი თავისი არსით უსასრულოა და, კლასიკური ფაშისტური ლოგიკის შესაბამისად, არ შეჩერდება მხოლოდ ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების დევნაზე. ეთნიკური ნიშნით ადამიანების დევნისას თუ “წმინდა“, შეურეველი ქართული სისხლის მოპოვება ხდება, რელიგიურ შეუწყნარებლობაში ამ სხეულიდან უკვე იმ ადამიანების გაძევება ხდება საჭირო, ვინც “ეთნიკურად“ ქართველები არიან, მაგრამ განსხვავებული მრწამსის გამო რატომთაც ეს წმინდა ქართული სისხლი უცებ წყლად ექცევათ. ჰომოფობიის დღევანდელი ტალღაც მორიგი ოპერაციაა, რომელსაც ქართული სხეულის ხელახლა გამოხარშვა უწევს, რადგან თურმე ნუ იტყვი და ყველა სახის ბაქტერია ბოლომდე არ მომკვდარა.

“უცხოს“ ეს დევნა თავისთავად გულისხმობს მუდმივად ახალ-ახალი ჯგუფების “უცხოებად“ შერაცხვას და მათ ლიკვიდაციას. შესაბამისად, ამ პროცესის თეორიული და ლოგიკური დასასრული მხოლოდ ქართველი ერის თვითგანადგურებაა. 

Thursday, September 20, 2012

ცოცხის პათოლოგია


სამი ფრაგმენტული მოსაზრება




1.
ახალს აღარაფერს ვიტყვი, თუ მეც, მრავალი მეგობრის მსგავსად, განვაცხადებ, რომ პირველ რიგში ჩვენი, როგორც საზოგადოების წევრების, გულგრილობაა პრობლემის ამოსავალი წერტილი. ისედაც სუსტი ქართული სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი მარცხისა და ნაგვიანევი გამოღვიძების ნიშანია, რომ მაინცდამაინც ვიღაცა არამზადის მიერ წინასაარჩევნოდ არეულობის მოსაწყობად უნდა გავრცელებულიყო წლების მანძილზე დაგროვილი შემზარავი კადრები, რომ ადამიანებს ყურის წაყრუების საშუალება აღარ მისცემოდათ და ხმა აემაღლებინათ ახალაიას, შაშკინის და სააკაშვილის მთავრობის სხვა მსხვილი და წვრილი მოხელეების მიერ ჩამოყალიბებული სისტემის წინააღმდეგ. მიუღებლად და აბსურდულად მიმაჩნია ის მოსაზრება, თითქოს ქურდულ მენტალიტეტთან ბრძოლისა და ქვეყანაში კრიმინალური სიტუაციის მართლაც საკმაოდ თვალშისაცემი გამოსწორების საქმისთვის წამოჭიმული “ძლიერი ხელის“ სისტემამ “მოგვიანებით“ განიცადა შემთხვევითი, მატერიალური გამრუდება. სისტემა, როგორც ჩანს, თავშივე პათოლოგიური იყო და, მიუხედავად მიზნების სისწორისა, ისეთი მეთოდებით დაიწყო ქურდული მენტალიტეტისა და კრიმინოგენული ვითარების “გამოსწორება“, რაც არათუ არცერთ დამნაშავეს მენტალიტეტს არ შეუცვლის, არამედ, პირიქით, ხელსაყრელი, რევანშის საშუალების პირობებში, უარესად შემოუბრუნებს ხელს მთავრობასაც და საზოგადოებასაც, რომელიც “ქურდების“ მოშთობას კი მიესალმა, მაგრამ შემდეგ არც კი უფიქრია ციხეში მათი თუ სხვა ჩვეულებრივი პატიმრების უფლებებზე.   



2.
ერთი მხრივ, მთავრობის წარმომადგენლები თავზე ნაცარ იყრიან, თითქოს არაფერი იცოდნენ წამების სისტემური ხასიათის შესახებ, მეორე მხრივ კი, აღიარებენ, რომ პენიტენციური სისტემის აგებაში ფუნდამენტური შეცდომები იქნა დაშვებული, რაც თავისთავად ირიბად ნიშნავს, რომ პასუხი უნდა მოეთხოვოთ სწორედ იმ ზემდგომ პირებს, ვინც თავისი ხელით ააგო ეს სისტემა. ათიოდე შემსრულებლის დასჯის გარდა, მთავრობის არცერთ “მონანიე“ წარმომადგენელს არ ეტყობა იმის ნება, რომ ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. საზოგადოების პროტესტი, ოღონდ ისეთი ფორმით, რომ არავის მიეცეს არჩევნების ჩაშლის საბაბი, უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ “მონანიეთ“ ამის ნება არ დაეტყობათ.



3.
გავრცელებულ ვიდეომასალაზე გამოწვეულ მძაფრ რეაქციებსა და დემონსტრაციებზე პროტესტის  გამოხატვის ფორმებში ვლინდება ერთი ღრმად პათოლოგიური ასპექტი: მთავარი შოკი გამოიწვია არა - ათიოდე ადამიანის მიერ ერთი პატიმრის რიგრიგობით ცემის კადრებმა (ეს თითქოს ბუნებრივი და ჩვეულებრივი სანახავიც კი იყო), არამედ ცოცხმა, რომელიც მწამებლებმა პატიმარს უკანალში გაუკეთეს. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში და კიდევ უფრო განსაკუთრებით ბიჭებში ამ კადრებმა და შემდეგ ცოცხის საპროტესტო სიმბოლოდ ქცევამ გამოავლინა სრულიად პერვერსიული დამოკიდებულება იმასთან მიმართებაში, თუ როგორ შეიძლება ადამიანის სხეულის ესა თუ ის ნაწილი და ორგანო იქცეს ადამიანის ღირსების შელახვის იარაღად. როგორც ტოტალურადაა მთელი ერის სექსუალური დისკურსი აგებული აღების, მიცემის, გადების, გამოდების, შედების და სხვა მსგავს ლექსიკასა და ფიგურებზე, მამაკაცის ანალური სფეროს მამაკაცისავე სასქესო ორგანოთი ან მისი ძლევამოსილების მასიმბოლიზებელი საგნებით (ცოცხით, სიგარეტით, ხელკეტით) ამგვარი იდეოლოგიური “დაკავებისადმი“ ისეთივე პანიკური შიშის გამომხატველია შსს-ს წინ ცოცხების ფრიალი, მწამებლების ცოცხებითვე წამებაზე აპელირება და ახალგაზრდა მამაკაცების მხრიდან აქციაზე მრავალჯერ მოსმენილი უკბილო ხუმრობა “ე, ბიჭო, ცოცხი არ გაგიყარო ეხლა“ და ა.შ.
როგორც ქურდულ მენტალიტეტთან ბრძოლაში არის (სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ) სრულიად “არაეფექტური“ მამაკაცის ანალური სივრცის გამოყენება საკუთარი - პოლიციელის, მეციხოვნის (თუ მინისტრის...) - ძალაუფლებისათვის მატერიალურად ხორცის შესასხმელად, ისევე მიუღებელია, რომ პატიმრებისადმი სოლიდარობის აქციაში მონაწილეთა აზროვნება და მეტყველება ემორჩილებოდეს იმავე სექსუალური შინაარსით გაჟღენთილ იდეოლოგიას, რამაც ვიდეოკადრებში ცოცხისა თუ სიგარეტის (და გადმოცემებში, ხელკეტების) სახით შოკი, პანიკა, ზიზღი ან ბრაზი გამოიწვია. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ის, რაც მივიღეთ, არა უბრალოდ ჩვენივე გულგრილობითა და გაუბედავობით დავიმართეთ, არამედ სრული სექსუალური უმწიფრობითაც.
მოგეხსენებათ, ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ საუბრობენ. ამიტომ, ალბათ არ იქნებოდა ურიგო, სხვა მხრივ აბსოლუტურად სამაგალითო არაპარტიულ სტუდენტურ სამოქალაქო პროტესტში აღარ იფრიალოს იმ საგანმა, რაც დაზარალებულ პატიმრებს სიმბოლურად არათუ ჩვენს სოლიდარობას გადასცემს, არამედ ძალაუნებურად მათ მორალურ და ფიზიკურ შეურაცხყოფას უსვამს ხაზს.