Monday, September 3, 2012

საქართველოს დასნეულებული სხეული




როგორც მოსალოდნელი იყო, გოგი გვახარიას სტატია “მე დავიწყე ომი“ (რომელსაც უკვე მოყვა ლელა რეხვიაშვილის ძალიან კარგი პასუხი-გაგრძელება) მრავალის მიერ ზედმეტად პირდაპირ იქნა გაგებული, მიუხედავად იმისა, რომ სტატიის ავტორი არც უშუალოდ მისი ხელიდან გასროლილ ტყვიას და ბომბას გულისხმობდა და არც - გამოკვეთილად, ბრძანების სახით, ხელისუფლებისთვის ომის დაწყების მოთხოვნას. (აღარაფერს ვამბობ “სიმხდალისა“ და “არასახელმწიფოებრივი“ აზროვნების შესახებ, რაც ამ ტექსტში ამოიკითხეს.)
წინადადება “მე დავიწყე ომი“ არ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ, 2008 წლის აგვისტოს ომს, რომელშიც რეალურად პირველი ტყვია კაცმა არ იცის რომელმა მხარემ გაისროლა. გასაგებია, რომ რუსეთის ფაქტობრივი წვლილი 2008 წლის თუ ბოლო ორი ათწლეულის სხვა ქართულ ომებსა და არეულობებში უზომოა. ეს იმდენად გასაგებია, რომ თავისთავად გულუბრყვილო, ზედაპირული და არაგულწრფელიც კია, მუდმივად რუსეთზე, როგორც ყველაფრის ამხსნელ მიზეზზე, აპელირება. რომც დავუშვათ, რომ აგვისტოს ომი ფაქტობრივად რუსეთმა დაიწყო (მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, მთელ იმ წინასწარი მომზადების პროცესს, რასაც ჩრდ. კავკასიაში მანამდე ადგილი ჰქონდა), ამითი მაინც არ ბათილდება ის სიმართლე, რომ “ომი მე დავიწყე“, რადგან ომს იწყებს ნებისმიერი ცნობიერება, რომელიც საკუთარ მთლიანობაში ვერ ახერხებს დაუშვას რაიმე განსხვავებულობა და თავიდანვე მიმართულია იმაზე, რომ საკუთარი საარსებო და სააზროვნო გარემოს სრული გაერთგვაროვნება თუ ტოტალიზაცია მოახდინოს. ქართველთა უმრავლესობის ცნობიერება სწორედ ასეა მოწყობილი და ამიტომაა, რომ სადღაც ტვინის ჯურღმულებში ფრაზას “მე დავიწყე ომი“ ჯიუტად პასუხობს ფრაზა “...და მე კიდევ ბევრჯერ დავიწყებ ომს“, რადგან ასეთ ტოტალიტარულ ცნობიერებას ომის, ომის გზით განსხვავებულის აღმოფხვრის გარდა სხვა ეფექტური ბერკეტი არ გააჩნია საკუთარი თავის სრულყოფილი განხორციელებისთვის. ყველა სხვა მდგომარეობაში ეს ცნობიერება დათრგუნულია, დაკოდილია - ვერგამთლიანებული სხეულია, რომელსაც სისხლდენა შეიძლება შეუჩერეს, მაგრამ ჭრილობა მაინც პირდაფჩენილი დაურჩა.
საქართველოს სხეული, ერთი მხრივ, ამპუტირებული სხეულია, რომელსაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით მოკვეთილი აქვს ორი მნიშვნელოვანი ორგანო. მეორე მხრივ კი, უფრო ზუსტი მეტაფორა იქნებოდა, გვეთქვა, რომ ქართული სხეული ორგანიზმია, რომელსაც სეპარატისტების, “არაქართული“ ელემენტების სახით, სხეულის გარკვეულ ნაწილებში სიმსივნე ჭამს. მთავარი პრობლემა კი, ამ შემთხვევაში ისაა, რომ პრობლემა მარტო ამ ორი დასნეულებული ორგანოთი არ შემოიფარგლება. ქართულ სხეულს ბევრი სხვა სიმსივნეც სჭირს - რელიგიური, სექსუალური... ამას ემატებიან ის ეროვნული - სომხური, აზერბაიჯანული - უმცირესობები, რომლებთანაც ან საერთოდ არ ვურთიერთობთ ან მხოლოდ სეპარატიზმის პარანოიის რეჟიმში. როცა მამაო ამბობს, რომ ქართველი გეი არ არსებობს, იგი მართალია, რადგან მისეული ქართული სხეული ამ “ბაქტერიისადმი“ იმუნურია და თუ იმუნური არაა, უნდა გახდეს. როცა ქართული ოცნების მაჟორიტარი აცხადებს: “საქართველო ქართველებისთვის“ და როცა ზოგიერთნი ისტერიკაში ვარდებიან ახალციხეში შარლ აზნავურის ჩაყვანის გამო, არც ამ და არც მამაოს შემთხვევაში მართალია ბომბებს არავინ ისვრის (თუმცა კი ერთი-ორი მუშტი და ჯვარი შეიძლება გაიქნიოს), მაგრამ ცნობიერების, ყველაზე საფუძველმდებარე და ელემენტარული ყოველდღიური მიდგომების დონეზე, ეს მართლაც რომ მუდმივი საომარი მდგომარეობაა, რადგან საქმე გვაქვს ბაქტერიებად აღქმული ელემენტების აღმოფხვრის დაუსრულებელ პროცესთან. და ეს პროცესი სწორედ იმიტომაა დაუსრულებელი, რომ ბაქტერიებთან მებრძოლი ტოტალიტარული ცნობიერება ყოველთვის ახალ-ახალ ბაქტერიებს იპოვის, რომლებიც მის სხეულში ჩაიბუდებენ და მის მთლიანობასა და სიჯანსაღეს დაემუქრებიან. ასეთი ცნობიერება კი ყოველთვის სიმპათიით განიმსჭვალება ისეთი ომის მიმართ, რომელიც გეოგრაფიულ სინამდვილეში გააკეთებს იმ საქმეს, რასაც თვითონ საკუთარ ცნობიერებაში აკეთებს ყოველწამიერად. ამიტომაა, რომ, თუნდაც გარდაუვალი ყოფილიყო რუსეთის მაქინაციების გამო სამხრეთ ოსეთთან ხელახალი დაპირსპირება, 2008 წლის აგვისტოს იმ საღამოს, როცა ქართულმა ჯარმა სამხრ. ოსეთის უმეტესი ნაწილი დაიკავა, დანარჩენი ქვეყანა სრულ ეიფორიასა და სიამაყეს მოეცვა; იმ საათებში ყველა ჩვენთაგანს ჩვენს ქართულ სხეულში არსებული ჭრილობა გაგვიმთლიანდა - ვიღაცას, იმიტომ რომ უფროსი თაობის წარმომადგენელია და აფხაზეთში ან აგარაკი ჰქონდა ანდაც ყოველ წელს იქ ისვენებდა; უმცროსი თაობის წარმომადგენელს კიდევ იმიტომ, რომ, თუნდაც არასოდეს ჰქონდეს ნანახი აფხაზეთი ან ოსეთი, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ისეთი სახელმწიფოს მოქალაქეობაში გაატარა, რომლის სხეულსაც ორი მოჩვენებითი კიდური აბია, თან რომ ეკუთვნის და თან - არა; ისეთი კიდური, ამპუტაციაგავლილი პაციენტები რომ გრძნობენ ამპუტირებული კიდურის ადგილას დარჩენილ სიცარიელეში.

რას ვთავაზობთ აფხაზებს და ოსებს? რა ბერკეტები აქვს მათთან ურთიერთბაში ქართული საზოგადოების უმრავლესობისნაირ ტოტალიტარულ ცნობიერებას? განსხვავებულის ტოტალობაში ინკლუზია (ჩართვა) თუ განადგურება? ინკლუზია ასიმილაციის სახით ანუ სხვაობის წაშლა თუ საკუთარი ტოტალობის შენარჩუნება სხვაობის ფიზიკურად განადგურების გზით? ყველაფერი ისევ იმ ერთი შეხედვით პათეტიკურ მომენტამდე დადის, რომ, რაც არ უნდა “მშვიდობიან გზებზე“ იყოს საუბარი, არანაირი რადიკალურად განსხვავებული გამოსავალი არ იარსებებს, სანამ იმ ტეროტირიებზე მცხოვრებნი ადამიანებად არ იქნებიან აღქმულნი. სანამ ყველაფერი მხოლოდ “ტერიტორიების დაბრუნების“, ამ წმინდად გეოგრაფიული მიზნის, გარშემო იტრიალებს, არანაირი ადგილი არ გამოჩნდება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და რომლებსაც, თუ ისინი შენთვის მართლაც ღირებულები არიან, ავტომატებითა და ბომბებით ასე ადვილად არ და ვერ გადაჯეგავ. მაგრამ არც მაინცდამაინც იარაღის კაკანია საჭირო საამისოდ. 80-იანი წლებიდან მოყოლებული ქართული აკადემიური წრეების მიერ შექმნილი, “მთებიდან ჩამოთრეულთა“ ისტორიული დისკურსი თუ ეთნიკური სისუფთავის დისკურსი თავისთავად უკვე ის იარაღი იყო, რომელმაც პირწმინდად წაშალა იმ ადამიანთა სახეები და ისინი რაღაც ანონიმურ ფიზიკურ საგნებად აქცია, რომელთა გადათელვაც შემდეგ მხოლოდ გეოგრაფიული დისტანციის გადალახვის საქმეღა გახდა.
ამდენად, პრობლემა არა მხოლოდ აგვისტოს ომი ან მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატიზმია. საქართველოს დაკოდილი სხეული, რომლისთვისაც ყველაზე დიდი კოშმარი ერთ მშვენიერ დღეს გეოგრაფიულ ატლასებში საქართველოს რუკის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გარეშე რეპროდუქციაა, სინამდვილეში ისეთ “გამთლიანებას“ ესწრაფვის, რომელსაც ვერც ამ ტერიტორიების ხელახლა შემოერთება უშველის. რადგან ეს ქართული სხეული არა მარტო ეთნიკურ ბაქტერიებს ებრძვის, არამედ საკუთარი ეთნიკური “სისუფთავის“ წიაღშიც კი უწევს უკვე სხვა - სექსუალურ, რელიგიურ -ბაქტერიებთან ომი. და ასე უსასრულოდ. ამდენად, ისმის კითხვა: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რომც დაბრუნდეს საქართველოს (ქართული იურისდიქციის ფაქტობრივ) შემადგენლობაში, მივიღებთ კი “მთლიან“ საქართველოს? საბოლოო ჯამში, ეს ორი კიდური ხომ რეალურად ერთგვარი პროტეზი იქნება, რომელსაც ქართული სხეული იმ ადგილებში მიიწებებს, რომლებიც მან საკუთარი ტოტალიტარული უგუნურებისავე გამო მოიკვეთა, ისევე როგორც დღეს იკვეთს ყოველდღიურად ათასნაირი სახის სოციალურ, ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფს, რომლებიც მისავე წიაღში არსებობენ?
მაგრამ, მეორე მხრივ, განა ცუდი იქნება ეს პროტეზული, არაორგანული მთლიანობა? სად არის სინამდვილეში ის ორგანული, ბიოლოგიური, მიწისა და სისხლისგან გამკვრივებული მთლიანობა, რომელსაც, მეტაფორულად თუ პირდაპირი გაგებით, ყველა სფეროში ეძებს ქართული ცნობიერება? განა ეს მთლიანობა ისედაც მრავალი შეერთებული პროტეზისგან არ შედგება, რომელთაც არანაირი რეალური გამაერთიანებელი ორგანული ცენტრი არ გააჩნიათ, გარდა იმ მუდმივი აგრესიული ფიქციისა, რაც ქართველობის რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური თუ სხვაგვარი სისუფთავის სახით გვახვევია თავს და რაც ყველაზე დიდი პროტეზია, რომელიც ჩვენს რეალურ სიცარიელეს სისავსისა და შინაარსიანობის ილუზიას უქმნის? რა თქმა უნდა, სხეულიც, ორგანიზმიც და პროტეზიც ამ შემთხვევაში მხოლოდ მეტაფორებია, მაგრამ, მეორე მხრივ, ქართულ საზოგადოებას მართლაც უდგას ორგანულობისა და მთლიანობის პრობლემა, რომლის გადაჭრაც მუდმივად ერთი მიმართულებით - ტოტალიზაციით, გაერთგვაროვნებით - სურს და არც კი ცდილობს, რეალობის ცოტათი უფრო კომპლექსური სურათით იხელმძღვანელოს და დაუშვას, რომ სხეულმა მაშინაც შეიძლება სრულფასოვნად იფუნქციონიროს, როცა ის ორგანულად მთლიანი არაა. თუ გვეყო იმის გამბედაობა და გამძლეობა, რომ ასეთ მკაცრ კლიმატურ პირობებს შევაჩვიოთ საკუთარი თავი და სეპარატიზმის აღმოფხვრის დისკურსი მაინცდამაინც იმ “ძმობასა“ და სიყვარულზე (ისედაც ფარისევლური და უშინაარსო) აპელირებით არ გავჭყიპოთ, რომელიც უცხოსთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთადერთ, საკმაოდ უტოპიურ, გზად გვესახება, მაშინ იმისგანაც დაზღვეულები ვიქნებით, რომ ამ უზომო სიყვარულმა (კვლავ) დესტრუქციული სახე არ მიიღოს ხოლმე და სიყვარულის ობიექტის სრულ შეჭმამდე არ მიგვიყვანოს. როგორც ქართველს არ უყვარს ყველა სხვა ქართველი და ძალიან ბევრი მათგანისგან შეიძლება დიდ დისკომფორტსაც კი გრძნობს, ისევე არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, ალისა და ნინოს ქანდაკების მსგავსი ორგანული სასიყვარულო ურთიერთშერწყმა მოხდეს ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობაში. ალბათ უბრალოდ უნდა ვისწავლოთ მათი სახეების ყურება და ამ სახეებში ადამიანების ამოცნობა. იმ ადამიანის პატივსაცემად, რომელიც უშუალოდ არც შენს სანათესაოს და არც შენს სამეგობრო წრეს არ მიეკუთვნება, ისიც საკმარისია, რომ ტანკებით არ გადათელო და არც ჯვრები და მუშტები ურტყა. დანარჩენი - სიყვარულისა და ძმობის ფიცება - ფარისევლობაა, რომელსაც თავისივე უშინაარსობის გამო, როგორც უკვე მრავალჯერ ვნახეთ, მალი-მალ ძალიან მარტივად წაუცდება ხელი ბომბებსა და ტყვიებზე.

5 comments:

  1. http://www.facebook.com/photo.php?fbid=418975761487624&set=a.224295494288986.66919.187201447998391&type=3&theater

    ;)

    ReplyDelete
    Replies
    1. დიახ, სწორედ ეს სურათი ვიპოვე ინტერნეტში და ჩემით დავამუშავე. თუ რამე კოპირაიტი დავარღვიე, ბოდიშს ვიხდი, მითუმეტეს, თუ კომენტარის ავტორი ჩიტის თანამშრომელია.

      Delete
  2. პროტეზი - არა, მაგრამ უკან მიკერებული, ადრე ამპუტირებული სხეულის ნაწილი - კი.
    თანაც, ცუდად შენახული, ამითომ მიხორცება გაძნელდება.
    რას იზამ, ოდესღაც, ასე ჭირდა აჭარის საქართველოდ ქცევაც, მაგრამ მოვახერხეთ.

    ReplyDelete
    Replies
    1. საქართველოდ ქცევა, მგონი, ცოტა არასწორია, აჭარა ყოველთვის საქართველო იყო, ყოველ შემთხვევაში, აჭარლებს არასდროს უფიქრიათ, რომ არ იყვნენ... ეს დანარჩენ საქართველოს აქვს ასეთი დამოკიდებულება, სამწუხაროდ, დღემდე...

      Delete
  3. samxret oseti ara ! samachablo !

    ReplyDelete